როგორ გადაარჩინა ძაღლმა მსოფლიო ჩემპიონატი: პიკლზის დაუჯერებელი ისტორია
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ბევრი გმირი გვინახავს – პელე, მარადონა, ზიდანი, რონალდო. თუმცა, არსებობს ერთი გმირი, რომელსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია, ეროვნული ნაკრების მაისური არ სცმია და საერთოდ, ოთხ ფეხზე დადიოდა. ეს არის ისტორია ძაღლზე, სახელად პიკლზი, რომელმაც 1966 წელს ინგლისი უდიდესი ეროვნული სირცხვილისგან იხსნა და მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი თასი გადაარჩინა.
საუკუნის ძარცვა ვესტმინსტერში
1966 წელს ფეხბურთის სამშობლო, ინგლისი, თავის ისტორიაში პირველ მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობდა. ტურნირის დაწყებამდე ოთხი თვით ადრე, ფიფა-მ ლეგენდარული ჟიულ რიმეს ოქროს თასი (რომელიც მაშინ მსოფლიო ჩემპიონს გადაეცემოდა) ლონდონში ჩაიტანა და ვესტმინსტერის ცენტრალურ დარბაზში გამოფინა.
უსაფრთხოების ზომები მკაცრი იყო, თუმცა 20 მარტს, კვირა დღეს, როდესაც მცველებს ეკლესიაში წირვაზე დასასწრებად ცვლა უნდა გადაებარებინათ, მოხდა წარმოუდგენელი რამ – თასი გაქრა! მძარცველებმა უკანა კარი გატეხეს, ვიტრინა გახსნეს და 30 000 ფუნტად შეფასებული სუფთა ოქროს ჯილდო მოიპარეს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) და მთელი ქვეყანა შოკში იყო. სკოტლანდ იარდმა მასშტაბური გამოძიება დაიწყო, FA-მ კი საიდუმლოდ თასის ზუსტი ასლის დამზადება შეუკვეთა, რათა ჩემპიონატი არ ჩაშლილიყო.
სეირნობა სამხრეთ ლონდონში
ძარცვიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, 27 მარტს, 26 წლის გემის მუშა, დევიდ კორბეტი სამხრეთ ლონდონში, თავის სახლთან ახლოს, საყვარელ ძაღლს, ოთხი წლის შერეული ჯიშის კოლის – პიკლზს ასეირნებდა.
მოულოდნელად, პიკლზი მეზობლის მანქანისკენ გაიქცა და ბუჩქებთან რაღაცას დაუწყო ყნოსვა. დევიდმა შენიშნა, რომ მიწაზე ძველ გაზეთებში გახვეული, მძიმე შეკვრა იდო.
“იმ პერიოდში ირლანდიური რესპუბლიკური არმია (IRA) ტერაქტებს აწყობდა, ამიტომ თავიდან ვიფიქრე, რომ ბომბი იყო. შეკვრა ოდნავ ავწიე და დავაგდე, მერე ისევ ავწიე. როცა გაზეთი ოდნავ შემოეხია, დავინახე წარწერა – ბრაზილია, დასავლეთ გერმანია, ურუგვაი. მაშინვე მივხვდი, რაც მეჭირა ხელში,” – იხსენებდა მოგვიანებით დევიდ კორბეტი.
ეჭვმიტანილიდან ეროვნულ გმირამდე
დევიდმა თასი სასწრაფოდ პოლიციის განყოფილებაში მიიტანა, თუმცა იქ მას თავიდან ისე მოექცნენ, როგორც ეჭვმიტანილს. დევიდი რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე ჰყავდათ, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ის უდანაშაულო იყო.
ინფორმაცია მალევე გავრცელდა და პიკლზი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. როდესაც ინგლისის ნაკრებმა “უემბლის” სტადიონზე ფინალში გერმანია 4:2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიო ჩემპიონი, კაპიტანმა ბობი მურმა სწორედ ის თასი აღმართა, რომელიც პიკლზმა გადაარჩინა.
გამარჯვების შემდეგ გამართულ საზეიმო ბანკეტზე, სადაც მკაცრი დრეს-კოდი მოქმედებდა, პიკლზი ოფიციალურად მიიწვიეს. ძაღლს სპეციალურად მისთვის დამზადებული მედლის ლენტი ეკეთა და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ზეიმობდა.
ჰოლივუდი და ტრაგიკული დასასრული
პიკლზის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ის გადაიღეს კინოში (“ჯაშუში ცივი ცხვირით”), მონაწილეობდა უამრავ სატელევიზიო შოუში, დევიდ კორბეტმა კი 6 000 ფუნტი ჯილდოს სახით მიიღო (იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა), რითაც ახალი სახლი იყიდა. პიკლზს ძაღლის საკვების მწარმოებელმა კომპანიამ ერთწლიანი უფასო ულუფაც გამოუყო.
სამწუხაროდ, ოთხფეხა გმირის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. 1967 წელს, კატაზე ნადირობისას, პიკლზი საკუთარ საბმელში გაიხლართა და დაიხრჩო. ის დევიდმა თავისი ახალი სახლის უკანა ეზოში დამარხა.
რაც შეეხება თავად ჟიულ რიმეს თასს, 1970 წელს ის მესამედ მოგების შემდეგ სამუდამოდ გადაეცა ბრაზილიის ნაკრებს. თუმცა, 1983 წელს რიო-დე-ჟანეიროში ის კვლავ მოიპარეს და სამწუხაროდ, ბრაზილიაში მეორე პიკლზი აღარ აღმოჩნდა – თასი გადაადნეს და ის სამუდამოდ დაიკარგა.


